четверг, 4 декабря 2008 г.
იგავი "აქლემი და ვირი"–მორალი
ერთი აქლემი და ერთი ვირი, ტვირთის ზიდვით რომ ზურგი ჰქონდათ გადატყავებული, დაძმობილდნენ და თავიანთ პატრონს გაეპარნენ. კარგი საძოვარი იპოვეს და კარგადაც გასუქდნენ. დაავიწყდათ ადრინდელი სიმჭლევე და გადატყავებული ზურგები.
–ძმაო, სიმღერა მინდაო,–უთხრა ვირმა აქლემს.
აქლემმა დაუშალა:
–ნუ, ძმაო! აღრ გახსოვს, რა ჭირში ვიყავითო? ვაითუ ახლომახლო ადამიანები იყვნენ, წაგვასხან და უარესი გვიყონო.
არ დაიჯერა ვირმა და დაიყროყინა. ძალიან ხმამაღალი სიმღერა გამოუვიდა. თურმე იქვე ახლოს მოგზაურები ისვენებდნენ, აქლემები და ვირები დასცვივნოდათ. გაიგონეს ვირის ყროყინი და გაიხარეს:
– მივიდეთ და ვნახოთ, ან შენობა იქნება, ან ქარავანი, ეგებ ულაყი ვიშოვოთო.
მივიდნენ და ნახეს უპატრონოდ გაშვებული მსუქანი აქლემი და ვირი. წაიყვანეს და ორივეს მძიმე ტვირთი აჰკიდეს. გზა გაგრძელდა, ვირი დამძიმდა და დადგა. მგზავრებმა ასწიეს ვირი და თავის ტვირთიანად მის ძმობილ აქლემს დაადეს. ცოტა ხნის შემდეგ ერთ ვიწრო გზაზე გავიდნენ, რომელიც კლდის ციცაბო ნაპირს მიუყვებოდა. აქლემმა ვირს უთხრა:
–ძმაო, მინდა დავროკდე და სამაია ვიცეკვოო.
ვირმა მიუგო:
–რა სამაიას საცეკვაო ადგილი აქ არისო?
აქლემმა უპასუხა:
იმისთანა სიმღერას ამისთანა ადგილას ცეკვა უნდაო.
ჩაიმუხლა გაბრაზებულმა აქლემმა და ვირი კლდეზე გადააგდო.
მე–6 კლასის მშობლიური ლიტერატურის წიგნიდან
წავიკითხოთ, დავფიქრდეთ, ვისაუბროთ:
1. ამ არაკში აქლემისა და ვირის ამბავია მოთხრობილი. როგორ ფიქრობთ, რა უფრო მნიშვნელოვანია. თვით ეს ამბავი თუ დასკვნა, რომელიც ამ ამბიდან უნდა გამოვიტანოთ?
2. იგავ–არაკში გამოყვანილი ცხოველები ხშირად ადამიანის ამა თუ იმ თვისებას განასახიერებენ ხოლმე. რას ან ვის განასახიერებს, თქვენი აზრით, ამ არაკში გამოყვანილი ვირი?
3. ამბავს მძიმე ბოლო აქვს, როგორია, თქვენი აზრით, მეიგავის დამოკიდებულება ვირის მიმართ, რას კიცხავს საბა, საბრალო ცხოველს, თუ იმ მანკიერ თვისებას, რომელსაც ეს ცხოველი განასახიერებს?
4. უბედურება ვირმა თავს თვითონვე დაიტეხა. ხომ არ გაიხსენებდით რომელიმე ქართულ ანდაზას, რომელიც ამ არაკში აღწერილ ამბავს მიესადაგება?
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий