среда, 24 сентября 2008 г.

დავით აღმაშენებელი



რატომ ჰქვია მეფე დავითს
დავით აღმაშენებელი?

დავით აღმაშენებელი 16 წლის იყო(1089წ.), როცა მამამ სამეფო გვირგვინი გადასცა და ტახტი დაუთმო. ამ დროს საქართველოში მტრები დათარეშობდნენ, ძარცვავდნენ, აწიოკებდნენ და ხოცავდნენ ხალხს. ქართველი მოსახლეობა ტყეებსა და მთებს შეხიზვნოდა, მათ ეზო–მიდამოს კი მტერი დაპატრონებოდა. ქვეყანა თითქმის დანგრეული და გადამწვარი იყო.
ჭაბუკმა მეფემ მტკიცედ გადწყვიტა – ეხსნა სამშობლო დაღუპვისაგან. მან პირველ ყოვლისა გარს შემოიკრიბა ერთგული, მამაცი, მამულის სიყვარულით გულგანათებული ვაჟკაცები, შეადგინა რაზმები და დაიწყო თავდასხმები მტერზე. უშიშარი მეფის მოქმედებით გამხნევებული მოსახლეობა თანდათან დაუბრუნდა მშობლიურ ადგილებს. აღადგინა მტრისგან დანადგურებული სახლ–კარი და დაიწყო თავგანწირული ბრძოლები ქვეყნის გათავისუფლებისთვის.
დავით აღმაშენებელმა 36 წელიწადს იმეფა და ამ განმავლობაში 60–მდე დიდი თუ პატარა ბრძოლა გადაიხადა. მატ სორის აღსანიშნავია დიდგორის ომი.
1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე სასტიკი ბრძოლა გამართა თურქ–სელჯუკთა წინააღმდეგ.მომხდური რიცხვით თითქმის 7–ჯერ სჭარბობდა ქართველთა ლაშქარს, მაგრამ დავითის გამჭრიახობამ და გულგანათებულ მამულიშვილთა თავგანწირვამ შეუძლებელი შეძლო. მტერი დამარცხებული და განდევნილი იქნა საქართველოდან. დიდგორის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შევიდა, როგორც მომავალ გამარჯვებათა სიმბოლო.
ერთი წლის შემდეგ 1122 წელს კი სახელოვანმა ქართველთა ლაშქარმა გაათავისუფლა 400 წლის განმავლობაში უცხოელთა ბატონობის უღელქვეშ მყოფი თბილისი.
დავითმა დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა . ხალხმა შვებით ამოისუნთქა. დაიწყო მშვიდობიანი ცხოვრება. აშენდა ეკლესია მონასტრები, სასწავლებლები, საავადმყოფოები. მეფე ეხმარებოდა ღარიბ მოსახლეობას, ზრუნავდა თავის ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობაზე, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მომავალ თაობას: გამორჩეული ნიჭის ახალგაზრდებს მეფე საზღვარგარეთ გზავნიდა ცოდნის მისაღებად. სახელმწიფოში დამყარდა წესრიგი. მეფე პატივს სცემდა ყველა რჯულისა და რწმენის ხალხს.
მეფე დავითმა მტრებისაგან თითქმის დანგრეული და განადგურებული საქართველო აღადგინა– ააშენა, ამიტომ მადლიერმა ხალხმა მას „აღმაშენებელი“ უწოდა.
დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა1125 წლის 25 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს).
ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა დიდი მეფე და 8 თებერვალი საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღედ დააწესა.

Комментариев нет: