ვინ უწოდა „გორგასალი“,
რად შემართა მეფემ ხელი?
ვახტანგ გორგასალი დაახლოებით 1500 წლის წინათ გამეფდა საქართველოში. იგი მაშინ მხოლოდ 15 წლის იყო, მაგრამ გამოირჩეოდა თავისი გოლიათური აღნაგობით, ძალით, სიმამაცით, ნიჭითა და ჭკუით. მასზე ხალხში უამრავი თქმულება , ლეგენდა და ლექსი შემორჩენილა. ამბობენ ვახტანგ მეფე სიმაღლით 2 მეტრი და 40 სანტიმეტრი იყო, გაქცეულ ირემს დაეწეოდა, შეკაზმულ ცხენს მხრებზე მოიგდებდა და ასე, მცხეთიდან არმაზ–ციხემდე, მუხლჩაუხრელად ავიდოდაო.
ვახტანგ მეფე შიშის ზარს სცემდა მტრებს. მას მუზარადზე მგლის თავი ჰქონდა გამოსახული, ამიტომ სპარსელები, როგორც კი დაინახავდნენ, ყვირილს ატეხდნენ ხოლმე: ერიდეთ „გორგასალიო“! (გორგასალი სპარსულად მგლის თავს ნიშნავს)
გორგასალმა 45 წელი იმეფა. განდევნა მტერი, განამტკიცა და გააძლიერა ქვეყანა. მის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის დედაქალაქად დაარსების ლეგენდაც.
ლეგენდის თანახმად, ახლანდელი თბილისის ტერიტორია მაშინ ტყით იყო დაფარული. ტყეში სანადიროდ გამოსულ მეფეს თურმე მამალი ხოხობი წამოუფრინდა. მეფემ გაწვრთნილი ქორი დაადევნა და ინტერესით ელოდა ფრინველთა შებრძოლებას, მაგრამ ხოხობი სადღაც ჩაიკარგა. დაძებნეს და ორთავე იპოვეს ცხელ წყალში ჩაფუფქული. ეს წყალი ბუნებრივად ამოდიოდა მიწიდან. მეფეს ეამა ასეთი აღმოჩენა, ხელი შემართა და თქვა: აქ აშენდეს ქალაქი! ეს ამბავი დაახლოებით იმ ადგილებში მოხდა, სადაც ახლა დგას მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელის მიერ შექმნილი ვახტანგ გორგასლის ძეგლი.
ვახტანგ მეფის ანდერძის თანახმად, მისმა მემკვიდრემ დაჩიმ , დაამთავრა თბილისის მშენებლობა და დედაქალაქი აქ გადმოიტანა.
ვახტანგ მეფეს განსაკუთრებით ეჯავრებოდა მოღალატეები და მოხდა ისე, რომ იგი სწორედ ღალატით მოკლა მისმა ყოფილმა მონამ, რომელმაც იცოდა, რომ მეფეს ჟაჭვის პერანგი იღლიაში ჰქონდა გარღვეული. მონამ ისარი სწორედ მაშინ ესროლა, როცა მეფემ ხმლიანი ხელი შემართა.
Комментариев нет:
Отправить комментарий