среда, 24 сентября 2008 г.
თამარ მეფე
რად ვეძახით თამარის დროს
საქართველოს „ოქროს ხანას“?
თამარი პირველი მეფე ქალია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. იგი იყო გონიერი, შორსმჭვრეტელი, ლამაზი და კეთილი.
თამარი 18 წლის გამეფდა. მეფედ კურთხევის დღეს დიდებულებმა მას თავზე სამეფო გვირგვინი დაადგეს და როგორც ლაშქრის სარდალს , წელზე ხმალი შემოარტყეს. თამარი მეფედ ერთხმად აკურთხეს.
მეფური ალღოს, გამჭრიახი გონებისა და დიდი ნებისყოფის წყალობით თამარმა ბრძნულად წარმართა ქვეყნის მმართველობა. მისი მეფობის დროს საქართველომ მტრის ყველა შემოსევა მოიგერია. თამარის სახელოვანმა ლაშქარმა ძლევამოსილება კიდევ უფრო განამტკიცა შამქორის (1195წ.) და ბასიანის (1202წ.) ბრძოლებში. ქართველებმა მოშურნენი შორს გადარეკეს. საქართველო გაძლიერდა, გამდიდრდა. ქვეყანას მეფის ძლიერი ლაშქარი იცავდა. ხალხი მშვიდობიანად ცხოვრობდა. თამარმა აკრძალა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა. მზრუნველი მეფე უხვად ასაჩუქრებდა ქვრივ–ობლებს.
საქართველოში იდგა დიდი მშენებლობის დრო. კლდეში გამოიკვეთა ციხე–ქალაქი ვარძია. გაჩაღდა ეკლესია–მონასტრების, ციხე–სიმაგრეების, სასახლეების, გზების, ხიდების მშენებლობები. სად არ შეხვდებით დღეს 800 წლის წინათ აგებულ ციხეებს, თაღოვან ხიდებს, რომლებსაც ხალხი უწოდებს თამარის ციხეს, თამარის ხიდს. თამარის დროს საქართველოში გაჰყავდათ სარწყავი არხები. რწყავდნენ ზვრებს, ბაღ–ბოსტნებს, ველ–მინდვრებს, რითაც ხვავი და ბარაქა ემატებოდა ქვეყანას.
ხალხი მშვიდობიანად შრომობდა და თავს ბედნიერად გრძნობდა. ამიტომ თამარის მეფობის დრო საქართველოს ისტორიაში ცნობილია, როგორც „ოქროს ხანა“, ე. ი. ბედნიერი ხანა(დრო). ამის გამოხატულებაა უხვად შემორჩენილი ხალხური ლექსები, ლეგენდები, თქმულებები, გადმოცემები, მისდამი მიძღვნილი მხატვრული ნაწარმოებები, საისტორიო თხზულებები, რომლებშიც გამოხატულია დიდი სიყვარული თამარისადმი.
თამარი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თამარი წმიდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ დაწესდა 14 მაისი.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий