საიდან ხარ, სადაური
ან რა გზები გელის წინა?
ყალყზე დგება ბედაური
შენ ვინა ხარ პაწაწინა?
მე პატარა ქართველი ვარ,
უკვდავების ვეძებ წყაროს,
უნდა მთა–მთა და ველი–ველ
საქართველო მოვიარო.
ავედევნო ცაში მერცხალს,
გაზაფხული ვუძღვნა ყველას,
ველს სიმწვანე, ხოლო ზეცას
სილურჯე და ცისარტყელა.
გადავქოჩრო ყანა დილით,
დავუბრუნო ჭიგოს ვაზი,
ამოვიცნო ამ გრაგნილით
რას გვიამბობს ფარნავაზი?
ვინ უწოდა „გორგასალი“,
რად შემართა მეფემ ხელი?
რატომ ჰქვია მეფე დავითს
დავით აღმაშენებელი?
ქართლის დედა ვის მასპინძლობს?
რად უპყრია ხმალი თანაც?
რად ვეძახით თამარის დროს
საქართველოს „ოქროს ხანას“?
რად შეარქვეს შოთა რუსთველს
„სულმნათი“ და „დიდი შოთა“?
რად აბორგებს კრწანისის ველს
ალისფერი ყაყაჩოთა?
თუკი აღა–მაჰმად ხანმა
ომის ბედი მოიხელთა,
მაშ თბილისთან რად აღმართეს
ძეგლი სამას არაგველთა?
ვინ ესროლა მამულს გულში
ან ჭრილობა რად აქვს ღიად...
რატომ მოხდა წიწამურში
წიწამურის ტრაგედია?
რატომ არის 9 აპრილი
ცრემლიანი–სასახელო?
საით მიდის ეს გზა წვრილი
საით მიჰყავს საქართველო?
გასწი, გასწი, ბედაურო,
რა ღონეც გაქვს და რა ძალიც,
დავუამოთ მამულს ურვა,
მოვაპკუროთ წყაროს წყალი.
ყვავ–ყორნისგან დაკაწრული
გული უნდა გავამრთელოთ.
გზა მშვიდობის პაწაწინავ,
გელოდება საქართველო!
Комментариев нет:
Отправить комментарий