среда, 24 сентября 2008 г.

9 აპრილი



რატომ არის 9 აპრილი
ცრემლიანი–სასახელო?

200 წლის წინ, ანუ მე–19 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერია გაძლიერდა. იგი შიშს გვრიდა მეზობელ სახელმწიფოებს. ბევრი მათგანი გავლენის ქვეშ მოექცა, ზოგიც დაიპყრო და მიიერთა. მათ შორის იყო საქართველოც. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა საუკუნეებში სისხლის ფასად შენარჩუნებული თავისუფლება.
რუსეთი დაპყრობილი ხალხების გარუსების პოლიტიკას ადგა. უხეშად ილახებოდა მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის მქონე ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები. იდევნებოდა ქართული ენა.
1917 წელს რუსეთსი ტახტიდან ჩამოაგდეს მეფე–ნიკოლოზII. მოხდა ოქტომბრის რევოლუცია, რის შედეგადაც რუსეთის იმპერიამ სახე იცვალა. მას „სსრკ“ ანუ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი დაერქვა. „სსრკ“ აერთიანებდა 15 სახელმწიფოს 15 მოკავშირე რესპუბლიკას. მათ შორის იყო „საქართველოს სსრ“.გარეგნულად სახეშეცვლილი იმპერიის პოლიტიკური ზრახვები იგივე დარჩა.
სსრკ–ს ჰიმნი ჟღერდა:
„ თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური შეუკრავს მუდმივად დიდ რუსეთის ხალხს“...
დიახ, „სსრკ“ რუსეთმა შექმნა და თავის თავს ამ კავშირის უფროს ძმად აღიარებდა. „უმცროს ძმებს“ „არიგებდა“, „ჭკუას ასწავლიდა“, „ურჩებს“ ტუქსავდა, ხან კი სამაგალითოდ სჯიდა.
ქვეყანაში გაბატონებული კომუნისტური პარტიის მიზანი იყო აღეზარდა კომუნისტთა საიმედო ცვლა, რომელიც შეძლებდა უზარმაზარი იმპერიის შემდგომ შენარჩუნებას და განმტკიცებას. ამ მიზნით, საბჭოთა სკოლაში ჩამოყალიბებული იყო კომკავშირელთა, პიონერთა და ოქტომბრელთა ორგანიზაციები. „ სსრკ“ „ჩემი სამშობლოა „ –ასეთი იყო პარტიის გათვლილი დევიზი, თუმცა ყველამ კარგად იცოდა , რომ სამშობლო მამა–პაპათაგან ნაანდერძევი მიწა წყალი – მამულია, სადაც დავიბადეთ, სადაც ვიზრდებოდით, სადაც ჩვენი წინაპრების საფლავებია.
სამშობლო– მშობლიური მთა–ბარის იდუმალი ალერსია.
სამშობლო–ყველაზე ძვირფასია ადამიანისათვის.
სამშობლოსათვის თავდადება ყველაზე ღირსეული საქციელია.
თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი ვერ ეგუებოდა ეროვნული ღირსების შელახვას და გამუდმებით ფარულად, ზოგჯერ აშკარადაც , ეწინააღმდეგებოდა მოძალადე „ უფროს ძმას“.
მე–20 საუკუნის 80–იან წლებში ფარდა აეხადა გაყალბებულ და მიჩქმალულ უახლეს ისტორიას, გამჟღავნდა რუსეთის დამპყრობლური მიზნები– ჩვენი მშობლიური მიწა–წყლის დაქუცმაცების და მიტაცების განზრახვა. ძლადობამ, დაშინებამ, განუკითხაობამ, მექრთამეობამ, მოქალაქეთა ინტერესების უგულვებელყოფამ ხალხი დაარწმუნა, რომ ერთა კავშირი ნებით კი არა, ძალით იყო შეკოწიწებული.
აივსო მოთმინების ფიალა.
დადგა იმპერიის ნგრევის ეპოქა.
დაიწყო „სსრკ“–ს დაშლა.
კრემლი (საიდანაც იმართებოდა სსრკ) შეაშფოთა ურჩ „ მოკავშირეთა“ ამბოხმა და გადაწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა ერთ–ერთი მათგანი. არჩევანი საქართველოზე შეჩერდა....
... და , აი, იმ ჟინჟღლიან გაზაფხულზე, როცა ხალხი მთავრობის სასახლის წინ , სანთლებით ხელში , ლოცვით ღამეს უთევდა თავისუფლებას, რუსთაველის გამზირზე გაისმა რუსული ტანკების სატანური გრუხუნი. სპეციალურად გაწვრთნილმა რაზმელებმა დაარბიეს მშვიდობიანი აქცია.
1989 წლის 9 აპრილს ცრემლიანი დილა გაუთენდა საქართველოს. რუსთაველის გამზირზე , მთავრობის სასახლის წინ , ერთმანეთის მხარიმხარ ესვენა თავდადებულთა ცხედრები. მათ სიცოცხლე შესწირეს თავისუფლებას. ხალხმა ცხარე ცრემლით დაიტირა დაღუპულები. ისინი სამშობლომ გმირებად შერაცხა. გმირთა სახელები ეწოდა ქუჩებს. მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად აღიმართა მემორიალი მთავრობის სასახლის წინ.
ერთ მუშტად შეიკრა სრულიად საქართველო ... 1990 წლის 31 მარტს ჩატარებულმა რეფერენდუმმა– საყოველთაო გამოკითხვამ – დაადასტურა ხალხის ნება და ჩვენი ქვეყანა გამოვიდა „სსრკ“–ს შემადგენლობიდან.
9 აპრილის ტრაგედიამ მსოფლიოს დაანახა , თუ რა ძნელად, მაგრამ ბეჯითი ბრძოლით პოულობს გზას ჭეშმარიტება. რა გულწრფელი და მართალია ქართველი ხალხი, რომელიც მტკიცედ დაადგა ეროვნული დამოუკიდებლობის რთულ, მაგრამ ღირსეულ გზას.
შენ ამ გზით უნდა იარო ჩემო პატარა მკითხველო.
გზა მშვიდობისა!

2 комментария:

Besik Dugashvili комментирует...

ისე კარგი იქნებოდა სადმე მიგენიშნათ მაინც ნახატების ავტორის ვინაობა.(ისე არცა მგონია გამოყენების უფლება გქონდეთ მიღებული)
ავტორი ალექსანდრე ციხელაშვილია(ცნობისთვის)

ინოლა комментирует...

დიდი მადლობა ინფორმაციისთვის და ჩემი პატივისცემა მინდა გადავცე ნახატების ავტორს. რაც შეეხება გამოყენებას, უხერხულად ვთვლი ასეთ კომენტარს. რაში ხედავთ ჩემი მხრიდან მის გამოყენებას? მე წიგნის ილუსტრაციები გამოვაქვეყნე დაინტერესებული მამულიშვილებისთვის, და საერთოდ, მიმაჩნია, რომ მის მერე წავიდა ქართველი ერი ბარაბას გზით, როცა ყველაფრის შექმნა მხოლოდ გაყიდვის მიზნით დაიწყო. ხალხური შემოქმედება უანგაროდ იქმნებოდა, ცხადია ავტორი ყველაფერს ყავდა, მაგრამ სხვებისთვის გაზიარება არ ენანებოდათ.